“არც ერთ შემთხვევაში არ ვიქნებით ჩვენი მოქალაქის თუ ოპონენტის მიმართ რაიმე ძალადობრივი გამოვლინების მსურველი“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, გუშინ მომხდარი მოვლენის მსგავსი ფაქტები პირველ რიგში ხელისუფლებას არ აწყობს.
როგორც ბესელიამ “კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ხელისუფლება არცერთ შემთხვევაში არ იქნება არც ოპონენტების და არც სხვა მოქალაქეების მიმართ ძალადობის გამოვლენის მომხრე.
რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდის მიერ გივი თარგამაძის კუთვნილი ავტომანქანის აფეთქების შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს და ვარაუდებს, თუ ვის შეიძლება აწყობდეს მსგავსი მოვლენები, ბესელია განმარტავს, რომ ეს შეფასებები წარსული გამოცდილების საფუძველზე გაკეთდა.
“კარგია, რომ არავინ არ ემსხვერპლა ამ ძალადობას. იმედი მაქვს, რომ ის, ვინც დაზარალდა, მალე გამოჯანმრთელდება. ვისაც არ აწყობს ასეთი მოვლენები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ზოგადად ქვეყანაში – ეს არის ხელისუფლება და ყველა ის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ღირებულია ადამიანი.
ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქვეყანაში მშვიდობიან საარჩევნო გარემოზე და არჩევნების ჩატარებაზე, ამიტომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არც გივი თარგამაძის და არც რომელიმე სხვა ჩვენი მოქალაქის თუ ოპონენტის მიმართ რაიმე ძალადობრივი გამოვლინების მსურველი, მომხრე არ ვიქნებით არასდროს და ჩვენს ინტერესებშია, რომ გარემო იყოს მშვიდობიანი. ეს სამწუხაროდ, არ არის “ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში, გავავლე პარალელები სხვა მოვლენებთან იმიტომ, რომ არ დაელოდნენ, რამდენიმე წამში ბოკერია და სხვები აკეთებდნენ პირდაპირ ბრალდებებს ხელისუფლების წინააღმდეგ.
დიახ, გავიხსენეთ ხურჩის ეპიზოდი, რომელიც იყო დადგმული ტერაქტი და სასამართლო განაჩენია გამოტანილი და ამ საქმეზე მსჯავრდებულები იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ სამართალდამცავ ორგანოებში მაღალ თანამდებობებზე. მახსოვს ციხის დადგმული ბუნტი და უდანაშაულო ადამიანების შეწირული სიცოცხლე, მახსოვს მუხროვანის დადგმული ამბოხი და ასე შემდეგ. როცა ეს მახსოვს და ასევე ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა მათ შორის „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების მხრიდან ინფორმაცია, რომ – იქნება დესტაბილიზაცია, არეულობა და დაანონსებული რევოლუცია, ასაფეთქებელი მანქანები და სხვადასხვა ძალადობრივი გამოვლინება, ბუნებრივია, ბევრი საფუძველია ეჭვის შეტანის ამ ქმედების განმახორციელებელი თუ ინტერესების მატარებელი პოლიტიკური ძალის ირგვლივ. ამიტომ გამოითქვა ეს ეჭვები, თუმცა უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები