მიხეილ ჯანელიძე: მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ხელს უწყობს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში

„მსურს, მივულოცო და მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ხელს უწყობს მთავრობას, განახორციელოს რეფორმები, რაც გვაახლოებს ჩვენს ისტორიულ მიზანთან – ვიყოთ თავისუფალი და ერთიანი ევროპის ნაწილი,“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ , ბრიუსელში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველომ დღეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე.
“მსურს, მივულოცო და მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ხელს უწყობს მთავრობას, განახორციელოს რეფორმები, რაც გვაახლოებს ჩვენს ისტორიულ მიზანთან – ვიყოთ თავისუფალი და ერთიანი ევროპის ნაწილი. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის შემდეგ, დღეს ევროკავშირის საბჭომ ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, აღიარა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და დაასრულა საბჭოში განხილვა”, – განაცხადა ჯანელიძემ. მისივე თქმით, დღეს ყველამ ერთად დაინახა, რომ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს კონკრეტული შედეგები მოაქვს. „ჩვენ მთავრობის მხრიდან ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ევროინტეგრაციის დადებითი შედეგები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ. ჩვენ ვხედავთ, რომ სამივე ინსტიტუტი უკვე მზად არის, საბოლოო გადაწყვეტიელების ფორმალურად მისაღებად. როგორც ევროკავშირის თვამჯდომარე ქვეყანა აცხადებს, ისინი მზად არიან, რომ დაუყოვნებლივ ჩაერთონ ამ პროცესში. მე გუშინ მქონდა შეხვედრები ევროპარლამენტში, დღეს ჩვენი ელჩი აგრძელებს ამ შეხვედრებს და ხვალ გაიმართება შეხვედრები. ჩვენ ამ პროცესს მივყვებით ისევე, როგორც აქამდე მივყვებოდით, რათა ეს, რაც შეიძლება მალე მოხდეს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები