მიროსლავ ლაიჩაკი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარგი ამბავი უნდა ვაცნობო

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარგი ამბავი უნდა ვაცნობო – ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა, ევროკავშირის ყველა 28 წევრის შემადგენლობით, ,,მწვანე შუქი” აუნთო საქართველოს ვიზალიბერალიზაციას“, – ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, გადმოგვცეს მანდატი, დავასრულოთ მოლაპრაკებები ევროპარლამენტთან. ეს ასევე კარგი ამბავია ჩვენთვისაც, რადგან სლოვაკეთისთვის საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის მიღწევა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო. ახლა ჩვენ ევროპარლამენტის კონსტრუქციული მიდგომის იმედი გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მთელ ამ პროცესს ძალიან მალე დავამთავრებთ წარმატებით“,- განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა. მისივე თქმით, ყოველთვის სარისკოა საუბარი კონკრეტულ თარიღებზე, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს. „ჩვენ როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მივიღეთ მანდატი და ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ ვიწყებთ. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მიზანია, ფორმალური პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. როგორც კი ეს მოხდება, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ გამგზავრებას ევროპაში უვიზოდ და იქ 90 დღემდე დარჩენას. თუმცა, ახლა გადაწყვეტილება ევროპარლამენტზეა დამოკიდებული. ჩვენ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“,-აღნიშნა ლაიჩაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები