დავით ბაქრაძე: უახლოეს მომავალში გადაწყდება კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ იმოგზაურებენ

“მინდა ყველას მივულოცო ის, რომ დღეს, ერთხმად, ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერით, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ,“ – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, პლენარულ სხდომაზე გადაწყდება ის კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ.
“მინდა ყველას მივულოცო ის, რომ დღეს, ერთხმად, ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერით, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს მომავალში პლენარულ სხდომაზე გადაწყდება ის კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ უვიზოდ მოგზაურობას. ეს არის იმ შრომის დაფასება, საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფორმების მხარდაჭერის დაფასება და აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი სარგებელი, რომელიც ექნება ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილებით“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა.
კონკრეტულად, როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, COREPER-მა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საკითხს, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოში გაგრძელდეს.
“დღეს, საბჭომ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხთან დაკავშირებით. მხედველობაში მივიღეთ ქვეყანაში გატარებული რეფორმები. ევროკავშირის უმაღლეს პირებს სჯერათ, რომ რეფორმების გზა სწორია და წახალისებული უნდა იყოს. პროცესის დასასრულებლად ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – განაცხადა ევროკავშირში სლოვაკეთის მუდმივმა წარმომადგენელმა პეტერ იავორჩიკმა.
COREPER-ი მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 90 დღის განმავლობაში.
ევროკავშირის საბჭომ მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები