დავით უსუფაშვილი: მოსკოვს არ აქვს ილუზია, რომ ამ არჩევნებში რომელიმე პრორუსული ძალა გაიმარჯვებს

უნდა ვიყოთ ჭკუით და არ უნდა დავუშვათ მსგავსი ამბები, ქვეყნის მტრებს რომ არ მივცეთ საშუალება ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელი ფაქტი სამწუხაროდ არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც ერთი მხრივ, სახელმწიფო პარტია „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, ყოფილი სახელისუფლო პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებენ ქვეყანაში.
„გუშინდელი ფაქტი სამწუხაროდ არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც ერთი მხრივ, სახელმწიფო პარტია „ქართული ოცნება“ და მეორე მხრივ, ყოფილი სახელისუფლო პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებენ ქვეყანაში. და როდესაც სიძულვილი ხდება არჩევნებში გამარჯვების მთავარი იარაღი, მაშინ ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული.
ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ ქმედებასთან და ასევე იმ ძალადობრივ ფაქტებთან, რომლებიც მართალია ნაკლები სიხშირით, მაგრამ მაინც ხდებოდა ამ დღეებში.
მე მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს ყველაფერი ხდება მათ თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებისთვის, აქ სხვა არანაირი საკითხი და არაფერი არ ირკვევა არავის შორის; ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცეებმა მოახდინონ ისეთი გავლენა, როგორიც მათ სურთ. მათ უნდათ რომ ჩვენ აგვამოქმედონ სწორედ მათი ინტერესების შესაბამისად. ეს ყველაფერი ასევე ქმნის ნოყიერ ნიადაგს, არა მხოლოდ ამავე ძალების მიერ ერთმანეთის მაპროვოცირებლად, თუ სხვა თავისი ამომრჩევლის მობილიზაციისთვის, არამედ სიტუაციის ასარევად საქართველოს მტრებისთვისაც ნოყიერი ნიადაგი ხდება.
მოსკოვს არ აქვს ილუზია, რომ ამ არჩევნებში რომელიმე პრორუსული ძალა გაიმარჯვებს. ამიტომ, თუ მას ექნება შესაძლებლობა, ის შეეცდება, არიოს სიტუაცია. არეული საქართველო მერე ძალიან მარტივად გადასაყლაპი იქნება რუსეთის მხრიდან. რადგან არეული საქართველო გაცილებით ადვილი სამიზნე ხდება რუსეთისთვის.
აი ამიტომაც უნდა ვიყოთ ჭკუით და არ უნდა დავუშვათ მსგავსი ამბები, ქვეყნის მტრებს რომ არ მივცეთ საშუალება ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში. ამიტომ, მინდა გთხოვოთ ყველას, 8 ოქტომბერს არჩევანი გავაკეთოთ ყველაფრიდან გამომდინარე. არა მხოლოდ ერთი ფაქტიდან, არა მხოლოდ ბოლოს ვინმეს მიერ ჩადენილი, ვინმეზე დაბრალებული, თუ გადაბრალებული ფაქტებიდან გამომდინარე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ განვაიარაღოთ ის ბოროტმოქმედები, რომლებიც ქვეყანას ასეთი საფრთხის წინაშე აყენებენ. სანამ ვიღაცებს ექნებათ იმისი განცდა რომ მსგავსი აქტების მოწყობით, ან სხვა მანიპულაციებით ჩვენზე გავლენის მოხდენას შეძლებენ, მაშინ ისინი ამას გააკეთებენ.
აი ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მყარად და არჩევანი გავაკეთოთ მომავლისთვის, იქ სადაც არ არის ტყუილი, არ არის სიძულვილი, არ არის მტრობა, არ არის შური. აი ეს უნდა დავანახოთ ჩვენ ყველა პოლიტიკოსს და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გადავარჩენთ ჩვენ ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მედიის წარმომადგენლებს დღეს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა.
ელჩებთან საუბარი ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს და არსებულ პრობლემებს შეეხო“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები