კობახიძე ოქრუაშვილს მიმართავს: არ შეიძლება ცილი დასწამო ადამიანს მძიმე დანაშაულის ჩადენაში

„არ არის სწორი, როდესაც ბატონი ოქრუაშვილი წინასწარ, პრაქტიკულად ბრალს სდებს კალაძეს და მის ახლო ნათესავს” , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს.
თავად მანანა კობახიძეს მიაჩნია, რომ გორში მომხდარი ინციდენტი საგანგაშოა. მისივე თქმით, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ადამიანები დაჭრეს. ”ეს ფაქტი არის საგანგაშო, ამიტომ, მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ყველაფერი გაკეთდეს დამნაშავე პირების დასადგენად. პრინციპში, ირაკლი ოქრუაშვილი გვარებს და სახელებს ასახელებს, თუმცა ის, რომ თითქოს პოლიტიკურ რეალობასთან უნდა დააკავშიროს ეს ყველაფერი, არ არის სწორი. არავითარი კავშირი ”ქართულ ოცნებას” კრიმინალურ ჯგუფებთან და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებთან არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. არანაირად არ შედის ხელისუფლების ინტერესებში, რომ ხელი შეუწყოს ასეთ პროვოკაციებს. არ არის სწორი, როდესაც ბატონი ოქრუაშვილი წინასწარ, პრაქტიკულად ბრალს სდებს კალაძეს და მის ახლო ნათესავს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ. კობახიძე ფიქრობს, რომ ოქრუაშვილის მხრიდან ასეთი ბრალდებები ”ქართული ოცნების” დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ”დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს რა იყო ეს – პროვოკაცია თუ პირადი მოტივი, მაგრამ წინასწარ გააკეთო ასეთი განცხადებები, ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი. მე მოვუწოდებდი ბატონ ოქრუაშვილს, დაიცვას რაღაც მინიმალური წესები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა – თავდასხმა იყო მასზე, მაინც უნდა შეინარჩუნოს გარკვეული სახე და არ შეიძლება ასე ღიად ცილი დასწამოს ადამიანს ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში”, – განაცხადა მანანა კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა. მისივე განცხადებით, ის ამომრჩევლებს, თანმხლებ პირებთან ერთად, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეჭვმიტანილი ა.ი. რამდენჯერმე ნასამართლევია. ​მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები