აშშ-ის პრეზიდენტმა პირველად 55 წლის განმავლობაში კუბაში აშშ-ის ელჩის კანდიდატურა წარმოადგინა
პირველად ბოლო 55 წლის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კუბაში შეერთებული შტატების ელჩის კანდიდატურა წარმოადგინა. ამ თანამდებობაზე ჯეფრი დილაურენტისი დაინიშნება. ის ამჟამად კუბაში აშშ-ის დიპლომატიურ მისიაში მუშაობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ჯეფრის ლიდერის თვისებებს აშშ-ს და კუბას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მთელი პროცესის განმავლობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი დანიშვნა ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.
კუბაში ელჩის თანამდებობაზე დილაუენტისის დანიშვნას აშშ-ის კონგრესმა უნდა დაუჭიროს მხარი.
კონგრესში უმრავლესობის მქონე “რესპუბლიკური პარტია“ კუბასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით სერიოზული წინააღმდეგობა კუბელი წარმოშობის სენატორებისგან – ტედ კრუზისგან და მარკო რუბიოსგან არის მოსალოდნელი.
აშშ-ს და კუბას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება 2014 წლიდან დაიწყო. მაშინ შეერთებულმა შტატებმა ეს ქვეყანა ტერორიზმის მხარდამჭერთა სიიდან ამოიღო, ხოლო პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს კუბის წინააღმდეგ ემბარგოს გაუქმების ინიციატივით მიმართა.