კალიფორნიის კონგრესმენი საქართველოს შესახებ კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა

კალიფორნიის შტატის კონგრესმენი დანკენ ჰანტერი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონგრესმენმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დანკენ ჰანტერმა ქართველ ხალხს 25-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების წარმატებით გატარება მიულოცა.
კონგრესმენმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და განსაკუთრებით გამოყო ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობა. მისი შეფასებით, თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას როგორც რეგიონში, ისე გლობალურად და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას.
კონგრესმენმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობას. წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, კონგრესმენმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
„შეშფოთებული ვარ, რომ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და მიმაჩნია, რომ მოსკოვმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებანი. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი ურყევია, ისევე როგორც ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი”, – განაცხადა დანკენ ჰანტერმა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 9 აგვისტოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660) აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო. სახელობითი კენჭისყრის შედეგად, რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის 410-მა წევრმა 6 -ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები