ბიორნ სტენვერსი სამუზეუმო მარკეტინგის საკითხებზე ტრენინგს ჩაატარებს

24-25 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას მუზეუმის ტრენინგების დარბაზი, რუსთაველის გამზ. 3) ჩატარდება ტრენინგი საქართველოს მუზეუმების სპეციალისტებისათვის თემაზე: „მარკეტინგის საკითხები მუზეუმებში“, რომელიც ინიცირებული და ორგანიზებულია ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ და ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმისა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის (ხელოვნების სასახლე) მხარდაჭერით.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ტრენინგის პროგრამით გათვალისწინებული სწავლების პროცესს წარმართავს ბიორნ სტენვერსი – სამუზეუმო მარკეტინგის წამყვანი ექსპერტი, ამსტერდამის მუზეუმების ფონდის დირექტორი, ICOM/MPR-ის (ICOM-ის სამუზეუმო მარკეტინგისა და პიარის საერთაშორისო კომიტეტი) საბჭოს წევრი.
ტრენინგში მონაწილეობას მისაღებად საქართველოს  მუზეუმების შესაბამისი მიმართულებით მომუშავე 15 სპეციალისტი შეირჩა. თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პროცესში მონაწილეები გაეცნობიან სამუზეუმო მარკეტინგის არსს, პრინციპებს, საკვანძო როლს მუზეუმების განვითარებისა და 21-ე საუკუნის გამოწვევების საპასუხოდ, მუზეუმებში ბიზნესკულტურის შექმნის მნიშვნელობას, სამუზეუმო მარკეტინგის მიმართულებით მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებას. ტრენინგის ფარგლებში შემუშავდება რეკომენდაციები საქართველოს მუზეუმებში სამუზეუმო მარკეტინგის განვითარებისათვის.
ტრენინგის ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს მუზეუმების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მუზეუმებში მარკეტინგული საქმიანობის განვითარების, მუზეუმებში ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვისა და გარკვეული კომერციული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები