აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ თანამდებობა დატოვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ თანამდებობა დატოვა.
ჩირიკბამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება „არსებული მდგომარეობის გამო“ მიიღო. ჩირიკბა აღნიშნავს, რომ შექმნილ მდგომარეობაში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ვერ შეასრულებს. როგორც სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება, ჩირიკბას გადადგომა ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში ვიზიტზე უარის თქმით არის გამოწვეული.
„ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ მოლდავეთის მიერ მისი დეპორტაციის შემთხვევაში, მას ევროპის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის აპარატის განცხადებაში. ჩირიკბა ჟენევის დისკუსიებზე ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2011 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.