გორის ბაზრის მოვაჭრეები დღეიდან აქციებს განაახლებენ
გორის ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციებს ისევ განაახლებენ. გუშინ ღამით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში უცხოელ ინვესტორთან შეხვედრა, რომელიც სამი საათი გრძელდებოდა, უშედეგოდ დასრულდა. ინვესტორი ძველი ბაზრის აღდგენას არ აპირებს და მოვაჭრეებს, ვინც ახალ ბაზარში მუშაობას დაიწყებს, ერთი თვის გადასახადისგან გათავისუფლებას და ყოველდღიური მოსაკრებლის შემცირებას სთავაზობს. გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები შეთავაზებაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ ახალი სავაჭრო ობიექტი ქალაქის გარეუბანშია და მათთვის მოუხერხებელია. მოლაპარაკებებში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება. მათი განცხადებით, მთავრობა კერძო ბიზნესში ვერ ჩაერევა და საკითხი მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს.