ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი კონსერვატორიაში გაიმართება

 

 26 – 30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი   თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონატით, ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს.
სიმპოზიუმის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
როგორც „კვირას“ სიმპოზიუმის ორგანიტარებმა განუცხადეს, მერვე სიმპოზიუმში მონაწილეობს 49 მეცნიერი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 22 ქვეყნიდან, ამათგან, 15 მეცნიერი საქართველოდან. სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ხალხური მრავალხმიანობის კონცერტები, რომლებიც კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში იმართება. მათში მონაწილეობენ ქართული მრავალხმიანობის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ოჯახური ანსამბლები, აგრეთვე, სარდინიული ანსამბლი “CONCORDU LUSSURZESU”.
სომპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება რენატო მორელის (იტალია) ორი ფილმი – წმინდა ხმები: კონკორდუს მომღერალი ორი თაობა ვნების კვირაში (სარდინია) და „მრავალჟამიერი“, მოგზაურობა სიმღერით სვანეთში ფილფანის ოჯახთან და მელბურნის ქართულ გუნდთან ერთად და ჰუგო ზემპისა (საფრანგეთი) და ნონა ლომიძის (ავსტრია/საქართველო) ფილმი – „სუფრული სიმღერები კახეთში“.
მერვე სიმპოზიუმის მონაწილეები საჩუქრად მიიღებენ მეშვიდე სიმპოზიუმის მოხსენებების კრებულს.
ქართული მრავალხმიანობა უნიკალური მოვლენაა, რომელმაც დიდი ხანია მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
2001 წელს იუნესკოს მიერ ქართული პოლიფონიის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად გამოცხადებამ ახალი სიცოცხლე შთაჰბერა თბილისის კონსერვატორიაში 1984 წლიდან დამკვიდრებულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებს, რომელთაც 2002 წლიდან ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის სახელწოდებით გააგრძელეს არსებობა.
თბილისის სიმპოზიუმები წარმოაჩენენ მსოფლიო მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ტენდენციებს და ხელს უწყობენ ქართული ეთნომუსიკოლოგიის ინტეგრაციას დასავლურ ეთნომუსიკოლოგიურ მეცნიერებასთან. მათ უდიდესი როლი შეასრულეს ქართული მრავალხმიანობის კვლევისადმი უცხოელი მეცნიერების ინტერესის გაღვივებაში.
ჩვენს მრავალხმიან სიმღერა-გალობას უკვე სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი მკვლევარები სწავლობენ და ერთხმად აღიარებენ მის განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს ხალხთა მუსიკალურ კულტურაში, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები