გამოფენა „ვაჟა-ფშაველა ქართულ ხელოვნებაში“ გაიხსნება

20 სექტემბერს, 15 საათზე, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმში, გამოფენა „ვაჟა-ფშაველა ქართულ ხელოვნებაში“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ცნობილი ქართველი მხატვრების – ლადო გუდიაშვილის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ივანე ასკურავას, მამია მალაზონიასა და სხვების მიერ შესრულებული ნამუშევრები, ესკიზები და აფიშები.
ვაჟა-ფშაველა სრულიად უნიკალური მოვლენაა ქართულ მწერლობასა და დრამატურგიაში. შეუძლებელია, გულში არ ჩაგწვდეს მისი ნებისმიერი ნაწარმოები. მთის ენით დაწერილი ლექსები თუ მოთხრობები გასაოცარი მსოფლმხედველობის მატარებელია.
მწერალი სიცოცხლეშივე ხშირი სტუმარი იყო თეატრისა. მისი დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია „მოკვეთილი“, რომლის სცენაზე ხილვას ავტორი ვერ მოესწრო, მაგრამ შემდეგ დიდი წარმატებით იდგმებოდა. მთის გენიის შთაგონებით დაწერა გრიგოლ რობაქიძემ „ლამარას” სცენარიც. ქართულ სცენაზე დღემდე იდგმება ოპერა „მინდია”, რომელიც ოთარ თაქთაქიშვილმა „გველის მჭამელის” მოტივებზე შექმნა.
შეუძლებელია არ აღინიშნოს ვაჟა-ფშაველას გავლენა ქართულ კინემატოგრაფიაში. მისი ნაწარმოებების მიხედვითაა გადაღებული ფილმები: „ხმელი წიფელი”, „მოკვეთილი”, „ივანე კოტორაშვილის ამბავი” და სხვა. 1967 წელს თავისი ტრილოგიის პირველ ფილმი თენგიზ აბულაძემ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებათა მიხედვით შექმნა. ეს არის ფილმი, რომელიც მაყურებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ამ მწერლის გამორჩეულ სამყაროში ბავშვები ხვდებიან ანიმაციური ფილმებიდან „სათაგური, „ნახევარ-წიწილა” და „ჩხიკვთა ქორწილი”. ეს არის სამყარო, სადაც ადამიანი ნამდვილად ბუნების შვილია და სადაც ღირსების საკითხი მკვეთრად არის დასმული, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები