მერაბ ბერძენიშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა  ცნობილი მოქანდაკე, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი  მერაბ ბერძენიშვილი.
ამ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს, რომელიც  ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების შესახებ ფეისბუქის გვერდზე რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ, დავით შემოქმედელმაც  დაწერა: „ამ წუთას დამირეკა, გურიაში, ომარ მხეიძემ და ძალზე სამწუხარო ამბავი მაცნობა, რომ თურქეთში მკურნალობისას გარდაიცვალა დიდი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი. ნათელი დაადგეს მის სულს“!
მერაბ ბერძენიშვილი დაიბადა 1929 წლის 10 ივნისს, ქალაქ თბილისში.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1988 წლიდან პროფესორია. მუშაობდა, ძირითადად, მონუმენტური ქანდაკების დარგში.
ძირითადი ნამუშევრებია: “რუსთაველი”, 1956 წელი, თაბაშირი; “რუსთაველი”, 1966 წელი, ბრინჯაო (მოსკოვი); “ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი”, 1958 წელი, II პრემია; მონუმენტები: “დავით გურამიშვილი”, 1965 წელი, თუჯი (თბილისი); “გიორგი სააკაძე”, 1971 წელი, ბრინჯაო (კასპი); “მედეა”, 1968 წელი, ბრინჯაო (ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი); “მუზა”, 1971 წელი, ბრინჯაო (თბილისი); “კიდევაც დაიზრდებიან…”, 1975 წელი, ბრინჯაო (მარნეული), რაშიც 1976 წელს მიიღო სსრკ სახელმწიფო პრემია; “ლაოსის მეფის მონუმენტი”, 1975 წელი, ბრინჯაო (ვიენტიანი, ლუანგ–პრაბანგი). სკულპტურული პორტრეტები: ქართველი ქალი, 1958 წელი, ბრინჯაო, მიიღო რამდენიმე პრემია; 1960 წელს მიიღო მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი; “ლადო ქოქიაშვილი”, 1958 წელი, ბრინჯაო; “კოტე მარჯანიშვილი”, 1966 წელი, დურალუმინი (თბილისი); მეტროსადგური “მარჯანიშვილი”, 1985 წელი; “ილია ჭავჭავაძე”, ბრინჯაო (თბილისი); “ტიციან ტაბიძე”, 1994 წელი, ბრინჯაო (თბილისი, ყვარელი); “დოდო აბაშიძე”, 1995 წელი, ბრინჯაო (თბილისი); ნოდარ დუმბაძის მემორიალი 1986 წელი, ბრინჯაო; დიდგორის მემორიალი, 1991 წელი. ფერწერა და გრაფიკა: “მამაკაცის პორტრეტი”, 1959 წელი; “პარიზის ჩანახატები”, 1963 წელი; “გიორგი სააკაძე”, 1975 წელი.
ბოლო წლების სხვა ნამუშევრებისათვის მერაბ ბერძენიშვილს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია. 1955 წელს დიდგორის სკულპტურულ–არქიტექტურული მემორიალის შექმნისათვის, არქიტექტორ თამაზ გუნიასთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
1978 წელს მიენიჭა საქართველოს და 1984 წელს – სსრკ სახალხო მხატვრის წოდება. 1990 წლიდან იყო საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, 1996 წლიდან – რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, 1994 წლიდან საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარე.
2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფ. ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2002 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა, მერაბ ბერძენიშვილს მიანიჭა ჯილდო “XX საუკუნის მიღწევებისათვის”.
1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები