პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ორ დელფინს შორის „საუბარი“ ჩაიწერეს
პირველად ისტორიაში, მკვლევრებმა შავი ზღვის ორ დელფინს (აფალინი, იგივე ბოთლცხვირა დელფინი) შორის შემდგარი „საუბარი“ ჩაიწერეს. აღმოჩნდა, რომ მათი კომუნიკაციის საშუალებები იმაზე უფრო დახვეწილია, ვიდრე აქამდე გვეგონა.
მეცნიერებმა უკვე წლებია რაც იცოდნენ, რომ დელფინები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ ძალიან კომპლექსურ „ენას“ იყენებენ. თუმცა, ახალი აღმოჩენების მიხედვით ნათელი ხდება, რომ მათ სავარაუდოდ ხუთსიტყვიანი წინადადების აწყობა შეუძლიათ და უფრო მეტიც — მნიშვნელობის გამოსაკვეთად, შესაძლოა ისინი „გრამატიკულ“ ფორმებსაც იყენებდნენ.
„არსებითად, ეს კომუნიკაცია ორ ადამიანს შორის საუბარს წააგავს“, — განუცხადა The Telegraph-ს ჯგუფის ხელმძღვანელმა, კარადაგის ბუნების ნაკრძალის წარმომადგენელმა ვიაჩესლავ რიაბოვმა.
„დელფინების მიერ გამოყოფილი ყოველი პულსი ერთმანეთისგან განსხვავდება გარეგნულად დროის დომენში და სპექტრული კომპონენტებით სიხშირულ დომენში“.
დელფინების „საუბარი“ ჯგუფმა ახალი ტიპის წყალქვეშა მიკროფონის — ჰიდროფონის საშუალებით აღმოაჩინეს. შედეგად, მკვლევართა ჯგუფს საშუალება მიეცა დეტალიზაციის მაღალი დონით ჩაეწერათ ნაკრძალის ორი ზვიგენი — იანა და იაშა.
ჩანაწერების ანალიზის შემდეგ, ჯგუფის განცხადებით, მათ აღმოაჩინეს, რომ დელფინები აყალიბებდნენ „სიტყვებს“, რისთვისაც გამოსცემდნენ სხვადასხვა სახის პულსებს, რომლებიც იცვლებოდა სიხშირის, მოცულობის დონისა და სპექტრის მიხედვით, ზუსტად ისე, როგორც ადამიანების ენა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე უცნობია თავად ამ სიტყვების მნიშვნელობა, მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, რომ ერთმანეთში „საუბრის“ დროს, დელფინების წინადადებები მაქსიმუმ ხუთ სიტყვას შეიცავდა.მათივე განცხადებით, დელფინების წინადადებებში შეინიშნება გრამატიკული სტრუქტურების არსებობაც, თუმცა ამ ფაქტის დასამტკიცებლად კიდევ მეტი დაკვირვებაა საჭირო.
„როგორც ჩვენი ექსპერიმენტის დროს რეგისტრირებული მრავალი პულსის ანალიზებმა აჩვენა, დელფინები აყალიბებენ წინადადებებს და ამ დროს ერთმანეთს არ აწყვეტინებენ, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ თითოეული დელფინი სხვის პულსებს უსმენს, სანამ თავისას გამოყოფდეს“, — აღნიშნავს ოლეგ რიაბოვი.
„ეს ენა წარმოაჩენს ყველა იმ ნიშანს, რაც ადამიანთა სალაპარაკო ენისათვისაა დამახასიათებელი, რაც დელფინების მაღალ ინტელექტსა და გონებრივ შესაძლებლობებზე მიუთითებს. მათი ენა აშკარად უნდა მივიჩნიოთ მაღალგანვითარებულ საპალარაკო ენად, რომელიც ადამიანთა ენას ენათესავება“, — ამბობს მკვლევარი.
აღმოჩენებზე დაყრდნობით, ოლეგ რიაბოვი აღნიშნავს, რომ უკვე საკმარისი გამოვლინებაა იმისათვის, რათა ვიფიქროთ, რომ დელფინებს საკუთარი ენა აქვს, რომლის კვლევასაც ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. შემდეგი უდიდესი ნაბიჯი იქნება დელფინების სიტყვების გადათარგმნა ადამიანთა ენაზე. რიაბოვს ამ ბარიერის გადასალახავ საშუალებად შესაბამისი მოწყობილობის შემქნა ესახება, რომელიც დელფინების საუბარს გაშიფრავს და ადამიანებს მათთან „საუბრის“ საშუალებასაც მისცემს.
ლაპარაკის უნარი შესაძლოა ერთადერთი არ აღმოჩნდეს, რაც ადამიანებსა და დელფინებს აქვთ საერთო. 2011 წელს, მეცნიერებმა დასდგინეს, რომ დელფინებს აქვთ მეგობრებისა და ნათესავების ფასეულობის განცდა, ზუსტად ისე, როგორც ადამიანებს. გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში, იტალიელი მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დელფინები თავიანთ მკვდარს დასტირიან.
კვლევა Physics and Mathematics-ში გამოქვეყნდა.
წყარო: The Telegraph; ScienceAlert