გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 39-ე შეხვედრა გაიმართა.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს მიმდინარე წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჟი-ოღლის დაკავება და ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა მოითხოვეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2012 წელს ოკუპირებული გალის რაიონში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა წულუკიას საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებს, მათ შორის საერთაშორისო მედიატორებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კვლავ დააყენეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, გიორგი ლუკავას საკითხი და მისი უმოკლეს ვადაში გათავისუფლება მოითხოვეს.
შეხევდრაზე საუბარი ოკუპაციის ხაზს მიღმა დაფიქსირებულ ყველა იმ ინციდენტსაც შეეხო, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 19 ოქტომბერს გაიმართება.