ბიძინა ივანიშვილი: უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ევროპულს მივუახლოვოთ
ეკონომიკის ზრდის ტემპებით საქართველო ლიდერია. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის პროექტში – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ მონაწილეობისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, როდესაც საერთო კრიზისია, ამ ფონზე ერთი ქვეყანა ეკონომიკურად ვერ განვითარდება.
„ეკონომიკური განვითარების ტემპი შეიძლება არ არის მომხიბლავი დღეს, როგორიც იყო 4 წლის განმავლობაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვართ ლიდერები ზრდის ტემპით, რაც წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა. როდესაც რეგიონში არის კრიზისი, როდესაც ევროპაშია კრიზისი და საერთოდ, როდესაც ეკონომიკური კრიზისია, ერთი ქვეყანა ვერ გაიზრდება ძალიან მაღალი ტემპებით. ამ პროცესში საქართველოც არის ლიდერი ეკონომიკის ზრდის ტემპებით“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან 4 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.
„ელიტარული ბიზნესი ყვაოდა და მთელი ხელისუფლება იყოფოდა. სამუშაო ადგილები 2006-2012 წლამდე 23 ათასამდე შემცირდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. საზღვარგარეთ მოქალაქეების გადინების ტემპი იყო მაღალი. ჩვენი მოსვლის შემდგომ, შეიძლება ეს ბევრი არ არის, მაგრამ 65 ათასით გაიზარდა სამუშაო ადგილი და ამავდროულად, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ გაზრდილა სახელმწიფო სტრუქტურების ხარჯზე. ვალების ეკონომიკიდან გადავედით ინვესტიციების ეკონომიკამდე. ლარის კურსიც მაშინ ახალი ვალებით რეგულირდებოდა, დღეს ნახეთ როგორი მცურავი კურსი დავიჭირეთ. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ბიზნესს ვინმე ეხება და არ ეხმარება. ეს არის საფუძველი სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის. აუცილებლად გაიზრდება საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, როგორც კი რეგიონი გონზე მოვა და ევროპაშიც ეს კრიზისი დასრულდება.
რომელ ქვეყანაშიც არ უნდა გახვიდეთ ქუჩაში, გაჭირვებულს ყველგან ნახავთ, თუმცა ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ გამორჩეულია და ბევრი გვმართებს, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში ჩვენ მოვახერხოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ევროპულს მივუახლოვოთ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.