გორის საკრებულოს თავმჯდომარემ აპარატის უფროსი გაათავისუფლა – საკრებულოს წევრები გადაწყვეტილებას ოქრუაშვილის დაკვეთად აფასებენ

საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ბრალდებით, საკრებულოს აპარატის უფროსი, ზაზა ნასყიდაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მეტრეველის გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრების პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლია ჩლაჩიძე „კვისათან“ საუბრისას აცხადებს, რომ ზაზა ნასყიდაშვილი აპოლიტიკური პიროვნებაა და მის მიმართ წაყენებული ბრალდება სიცრუეა.
“ზაზა ნასყიდაშვილი არის თანამშრომელი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის პასუხისმგებლობით, ზედმიწევნით კარგად ასრულებს. ის ბრალდება, რომ თითქოს მან „ქართული ოცნების“ კანდიდატის დასახვედრად ხალხი მიიყვანა შეხვედრაზე, სიცრუეა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როცა მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან, იყო კვირა – დასვენების დღე“,-განაცხადა ლია ჩლაჩიძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი მეტრეველის გადაწყვეტილებას ოქრუაშვილის ახირებებს უკავშირებს.
“ირაკლი ოქრუაშვილი არის პანიკაში. ილია მეტეველმა ისე გაათავისუფლა ზაზა ნასყიდაშვილი, რომ საქმის წარმოებაც არ დაუწყია, არ მიუცია არანაირი გაფრთხილება. ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება.
ჩვენ ვაპირებთ ორშაბათს მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას, ამიტომ მან თავი დაიზღვია და რიგგარეშე სხდომის პარალიზება მოახდინა – საკრებულო დატოვა აპარატის უფროსის გარეშე“,-აცხადებს თამარ თედლიაშვილი.
ზაზა ნასყიდაშვილი მის გათავისუფლებას ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ზეწოლად აფასებს.
“საკრებულოს თავმჯდომარემ, როგორც მას სჩვევია, მიიღო უკანონო გადაწყვეტლება. ეს არის იმ ავადმოსაგონარი წლების ერთ-ერთი შემოქმედის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკვეთა“, – განაცხადა ზაზა ნასყიდაშვილმა.
გორის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა 5 სექტემბერს, დილის 8 საათზე ილია მეტრეველმა დააანონსა. საკრებულოს წევრები მისი იმპიჩმენტის საკითხის გატანას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები