ფიქრია ჩიხრაძე: მომავალი პარლამენტი იქნება მრავალფეროვანი და მრავალპარტიული

“დღეს ძალიან ცხადად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველს აღარ უნდა შავ-თეთრი არჩევანი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
ჩიხრაძემ პრეზიდენტის სახელით პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ აქტიურობისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი მოსახლეობაში ნიჰილიზმის დაძლევას არჩევნების მიმართ ყველაზე მნიშვნელოვნად თვლის.
ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ პარტიების წარმომადგენლებს მეტი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ამომრჩეველთან.
“მთავრი გამოწვევა ამ არჩევნების დროს იყო ამომრჩევლის ნიჰილისრუტი განწყობა,სწორედ ამან განაპირობა საპრეზიდენტო კამპანიის წარმოება ამომრჩევლის გააქტიურების კუთხით. ახალგაზრდები, საზაფხულო სკოლების ფარგლებში, ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ამ კამპანიაში,  ყველა რეგიონში შეხვდნენ ამომრჩეველს.
ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველო მოვიარეთ უკვე. დღეს ძალიან ცხადად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველს აღარ უნდა შავ-თეთრი არჩევანი, რომ ამომრჩეველი განწყობილია მრავალფეროვანი არჩევანისთვის, ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალურ დაპირისპირებაში ჩაკეტილი, შეზღუდული არჩევანი.
შესაძლოა, ეს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ხელს აძლევდეს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ამომრჩევლის ინტერესში“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ფართო პოლიტიკურ სპექტრს ელოდება.
„სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვან იმედს იძლევა, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ დღეს ამომრჩეველი ელოდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. პრეზიდენტის სახელით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, რომ მათ იაქტიურონ, უფრო აქტიურად მივიდნენ ამომრჩეველთან. ამომრჩეველი ელოდება მათ რეალურ შეთავაზებებს, რეალურ გზავნილებს, პრობლემების გადაჭრის გზებს. ამ გადასახედიდან, შეიძლება იმედიანად ითქვას, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, მრავალფეროვანი და ეს ძალიან წაადგება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები