გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება დღევანდელზე უკეთესი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხობსა და სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას, მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ახალგაზრდებს საკუთარ ბიზნესიდეებს უფინანსებს, ყოველგვარი გირაოს გარეშე.

“გუშინ, ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღე იყო. ჩვენ, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, დავაჯილდოვეთ მეორე წყება “სტარტაპის” გამარჯვებულების, დამწყები ბიზნესის განვითარების ფონდის, რომელიც სულ ორიოდე წლის წინ შეიქმნა და ყველა ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, მათი მშობლების თუ წინაპრების ქონების დაგირავების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ საინტერესო იდეით მოიპოვონ დაფინანსება და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. ეს არის საქართველოს განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე, როდესაც დავაჯილდოვეთ 34 გამარჯვებული ახალგაზრდა და ისინი გახდებიან მეწარმეები. ასევე, სულ რაღაც ორი კვირის წინ, ჩვენ ასევე დავაჯილდოვეთ 20 მაღალტექნოლოგიური, ახალი იდეის ავტორი ახალგაზრდა. დიდი სიხარულია, როდესაც უყურებ ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, ყველანაირი გირაოს გარეშე წამოიწყონ ბიზნესი. ახლა, მივემგზავრები დარჩელში, სადაც მეწარმეებთან მექნება შეხვედრა. ესენი არიან სრულიად ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენი სამთავრობო პროგრამებით მოიპოვეს დაფინანსება და წამოიწყეს ბიზნესი. ეს არის აბსოლუტურად სხვაგვარი ეკონომიკის შექმნა საქართველოში და არის სხვა შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა, ყველა თქვენგანს მოვუწოდო, იყავით იმედიანები, იმიტომ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე აუცილებლად იქნება დღევანდელზე უკეთესი. ამის ჩვენ გვჯერა და ეს არის რეალობა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები