დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში არსებული სასტუმროების პრაქტიკულად ნახევარი ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში შეიქმნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა. როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, მხოლოდ 2013-2015 წლებში ექსპლოატაციაში მთლიანი სასტუმროების რაოდენობის 41,5% შევიდა.
მისი თქმით, ეს მონაცემი ნიშნავს იმას,რომ საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი სწორედ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში შეიქმნა.
“ბოლო 3 წლის განმავლობაში, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 508 სასტუმრო შევიდა ექსპლოატაციაში. ამ მონაცემებში ჩვენ არ შეგვყავს 2012 წელს ექსპლოატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობა. საერთო ჯამში, 3 წელიწადში საქართველოს მასშტაბით 508 სასტუმრო გაიხსნა, რაც 58%-ით აღემატება 2012 წლის ჩათვლით ექსპლოატაციაში შესულ სასტუმროთა რაოდენობას.
მხოლოდ 2013-2015 წლებში ექსპლოატაციაში შევიდა მთლიანი სასტუმროების რაოდენობის 41,5%, ანუ პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი შეიქმნა სწორედ ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში და ეს არის სწორედ ის შედეგი, რომელიც მოჰყვა ჩვენს შრომას, რამაც შექმნა განსაკუთრებული საინვესტიციო პირობები და ის შესაძლებლობები, რომ ადამიანებს და კომპანიებს განეხორციელებინათ თავიანთი ინვესტიციები”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება 2016-2017 წლების გეგმებს, მისივე თქმით, კერძო ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად, არის 1,1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციების მოლოდინი.
”ეს არის პრაქტიკულად, დაწყებული, იდენტიფიცირებული პროექტები. ეს არის ის დამატებითი სამუშაო ადგილები, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. ეს არის შედეგი იმ ბიზნესკლიმატისა, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში შევქმენით“, – განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, 60-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტი შეიქმნება, რაც დამატებით 3 800-ზე მეტ საწოლ ადგილს გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები