გია ვოლსკი ანა დოლიძეს პასუხობს: ეს არის არაპროფესიონალური განცხადება

გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ანა დოლიძემ განცხადების გაკეთების დროს მხოლოდ პირადი მოსაზრებები გააჟღერა. დოლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ვოლსკიმ „როყიო“ უწოდა.
”ანა დოლიძე თავის უფლება-მოვალეობებს აჭარბებს და ასეთი როყიო განცხადება მის თანამდებობას არ შეესაბამება, არადა, მას მოეთხოვება, რომ ზედმიწევნით შეასრულოს ის ამოცანა, რაც მას სამსახურებრივად აკისრია.
ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ის თავის უფლება-მოვალეობებს აჭარბებს და ასეთი როყიო განცხადება არც მის თანამდებობას შეესაბამება და არც რეალობას ასახავს. გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა, მოითხოვს არა მარტო ტექნიკური საკითხის მოგვარებას (რასაც მაღალი კვორუმის უზრუნველყოფა ჰქვია), არამედ შეთანხმებას სხვადასხვა ფრაქციასა და პოლიტიკურ სუბიექტს შორის.
დღეს ჩვენ წინასაარჩევნო ოპონირების რეჟიმში ვართ ბევრ პოლიტიკურ სუბიექტთან, რომლებიც გუშინ ერთ კოალიციაში მოიაზრებოდნენ და რასაკვირველია, ამ მხრივ შეთანხმების მიღწევაც სათუოა, რადგან პარლამენტში აღარ არის თანამოაზრეთა გუნდი.
საკმაოდ ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე, ტექნიკური საკითხი რომც იყოს გადაწყვეტილი, ვფიქრობ, შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული.

ასე რომ, ამ განცხადებას ვერანაირად ვერ შევაფასებ, როგორც ობიექტურ საფუძველზე დამყარებულს. ვფიქრობ, ეს ფაქტორები ძალიან კარგად ესმის საზოგადოებას და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ესმის პრეზიდენტის მრჩეველს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა მშვიდ გარემოში უნდა მოხდეს.

სჯობს 1-2 თვე მოვიცადოთ და ხალხის მანდატით აღჭურვილმა პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება ხმების საჭირო რაოდენობით, რათა უკვე შემდგომ წლებში უზენაესი სასამართლო იყოს დაკომპლექტებული იმ ადამიანებით, რომლებსაც ხმას მისცემს საზოგადოების მიერ მანდატით აღჭურვილი ახალი პარლამენტი.

ასეთი მიდგომა ჯანსაღიცაა და ასევე აბსოლუტურად ობიექტურ პირობებსაც ემყარება. ამ მხრივ, აბსოლუტურად გაუგებარია ანა დოლიძის განცხადება. არ მინდა ვიფიქრო, რომ ის საზოგადოებაში დამატებითი დაძაბულობის ფაქტორის შემოტანას ცდილობს, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა ამას გვიჩვენებს.

ეს არის მის თანამდებობასთან და ვითარებასთან შეუსაბამო, არაპროფესიონალური განცხადება”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები