დავით ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდა.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავარ თემას მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს ლოგისტიკის ინდექსის ბოლო შედეგები და მის გასაუმჯობესებლად აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა წარმოადგენდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინიციატივით ქართული მხარე მსოფლიო ბანკის ექპერტებთან ერთად უკვე აქტიურად მუშაობს 2016 წლის კვლევის შედეგების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზზე. „პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის დავალებით ჩვენ უკვე შევიმუშავეთ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის თემატიკა. დავსახეთ არაერთი ღონისძიება, შედგება დეტალური გეგმა, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ჩვენი ქვეყნის პოზიციების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას“, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს დავით ხუციშვილმა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფრასტრუქტურული და ინვესტიციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაში საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, აუცილებელია დარგში განათლების დონის ამაღლება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირება. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ თუ მიმდინარე სტრატეგიული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის მიერ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებასა და ტრანსპორტის დარგის განვითარებაში. აღნიშნული პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომზადება საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების შესაქმნელად, ლოგისტიკის სტრატეგიის შემუშავება და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება. მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის და სრული მზადყოფნა გამოთქვა ლოგისტიკის ინდექსის გაუმჯობესების პროცესში მონაწილების მისაღებად. „საქართველოს მთავრობამ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ლოგისტიკის ინდექსთან დაკავშირებით. კვლევის შედეგები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მაგრამ ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობასთან ერთად უკვე ინტესიურად მუშაობენ ამ საკითხებზე. მთავარია არა ის, თუ რა შედეგები გვაქვს ამ ეტაპზე, არამედ რის გაკეთებას ვაპირებთ სამომავლოდ. ჩვენ შევთანხმდით კოორდინირებულ მოქმედებათა გეგმაზე. დარწმუნებული ვარ საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია და 2018 წლის შედეგები ამის მკაფიო დასტური იქნება“ – განაცხადა სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები