8 თვის განმავლობაში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ 655,3 მილიონი ლარი შეადგინა
2016 წლის იანვარ-აგვისტოში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 მილიარდ 655,3 მილიონი ლარი, რაც 504 მილიონი ლარით, 9.8%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მონაცემებს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ 2016 წლის 8 თვის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლის დოკუმენტშია აღნიშნული.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ეს მაჩვენებელი 2016 წლის 9 თვის გეგმის 89,0%, ხოლო წლიური გეგმის 65,1%-ია. შედარებისთვის, 2015 წელს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 8 თვის ფაქტიურმა მაჩვენებელმა 9 თვის ფაქტიურ მაჩვენებელთან მიმართებაში 87,2%, ხოლო 12 თვის მაჩვენებელთან მიმართებაში – 57,5% შეადგინა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 მილიარდ 177,7 მილიონი ლარი, რაც 310,3 მლნ ლარით, 6,4%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მონაცემებს. ეს მაჩვენებელი 2016 წლის 9 თვის გეგმის 88,8%, ხოლო წლიური გეგმის 64,9%-ია. გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 8 თვის ფაქტიურმა მაჩვენებელმა 9 თვის ფაქტიურ მაჩვენებელთან მიმართებაში 86,9%, ხოლო 12 თვის მაჩვენებელთან მიმართებაში 64,5% შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ 2016 წლის იანვარ-აგვისტოში შეადგინა 6 მილიარდ 400 მილიონი ლარი, რაც 9 თვის გეგმის 83,9%, ხოლო წლიური გეგმის 63,1%-ია. 2016 წლის პირველ 8 თვეში დახარჯულია 384,6 მლნ ლარით (6,4%-ით) მეტი 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.