თიბილოვმა ხაჯიმბას „დამოუკიდებლობის აღიარების“ დღე მიულოცა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა „დამოუკიდებლობის აღიარების“ დღე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, რაულ ხაჯიმბას მიულოცა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ცნობისთვის, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
„2008 წლის 26 აგვისტო უმნიშვნელოვანესი თარიღია. სწორედ ამ დღეს, 8 წლის წინ, დიადმა რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა. ეს იყო უსაფრთხოების გარანტიების შექმნის მხრივ უდიდესი ნაბიჯი“, – წერს თიბილოვი მისალოც წერილში.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება და განვითარდება.