„ადამიანებს, რომლებმაც ნაკვეთები დათესეს, მოსავლის აღების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში ვითარებას ადგილზე გაეცნო.
”უკვე გავააქტიურეთ „ცხელი ხაზი“, მაგრამ ამ საშუალების გამოყენებას ჩვენ კიდევ ვაპირებთ. მე პირადად მქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე, რომ ადამიანებს, რომლებმაც ნაკვეთები დათესეს, ამდენი შრომა და რესურსი ჩადეს, მიეცეთ იმის შესაძლებლობა მაინც, რომ საკუთარი მოსავალი აიღონ.
საუბედუროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან რთული ვითარება გვაქვს იმ მხრივ, რომ ბევრ ადამიანს არ ეძლევა საკუთარ ნაკვეთებზე, მიწებზე, ბაღებზე წვდომის შესაძლებლობა. ეს ქმნის ძალიან მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევევს აქ მცხოვრებლებისთვის, მაგრამ ის, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, არ აკნინებს ამ პრობლემის სიმწვავეს, ამიტომ ჩამოვედი ადგილზე, შევხვდი ადგილობრივებს.
საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პასუხი კი ამ გამოწვევაზე არის ის, რომ ჩვენთვის ეს რეგიონი – საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლების განვითარება და მათზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგროვილი პრობლემები ნაწილობრივ მაინც შეგვემსუბუქებინა ამ ადამიანებისთვის. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ რეგიონების გაძლიერება-განვითარება იყოს პრიორიტეტი, რომ ადამიანებს არა მარტო შეუმსუბუქდეთ ყოფა, არამედ გაუჩნდეთ ალტერნატიული ეკონომიკური შესაძლებლობები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი ადგილზე ქერის ყანის მფლობელს, შალვა ჩილინდრიშვილს ესაუბრა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზეც ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რომელიც 31 აგვისტოს გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისის ერთ-ერთი მკვიდრის, შალვა ჩილინდრიშვილის მიერ დათესილი ქერის მოსავლის აღება საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დღეს დაიწყეს, თუმცა პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები