თბილისის ზღვაზე მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

   თბილისის ზღვაზე (კადეტთა კორპუსი #5) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ხვალ, 5 აპრილს უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდებათ. გამოკვლევები აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, გამოკვლევები 11:00 საათზე დაიწყება და რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ–სპეციალისტების მაღალკვალიფიციური ჯგუფი დევნილებს მთელი დღის განმავლობაში მოემსახურება. გამოკვლევებს აფხაზეთის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია დაესწრებიან. სამედიცინო აქციის ფარგლებში დევნილებს უფასოდ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები ჩაუტარდებათ. თბილისის ზღვის რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებაში ორი ათასამდე ბენეფიციარი, მათ შორის ოთხასამდე ბავშვია რეგისტრირებული.
სამედიცინო აქცია 3 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. კლინიკა მომავალშიც პერიოდულად განახორციელებს კომპაქტურ ჩასახლებებში ბენეფიციართა უფასო სამედიცინო გამოკვლევებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები