დევნილ ბავშვებს პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცათ

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, სამედიცინო ფონდ „ჰიპოკრატესთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, 6 თვემდე დევნილ ბავშვებს პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა. სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიულ ორგანოში დღეს დევნილი ოჯახები საჩუქრების მისაღებად შეიკრიბნენ. პირველადი მოხმარების ნივთები იძულებით გადაადგილებულ პირებს რეგიონალური სამმართველოს უფროსმა მერაბ გოგსაძემ და ორგანიზაციის დირექტორმა როლანდ სტამატოვმა გადასცეს. დევნილთა სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მერაბ გოგსაძის განცხადებით, მსგავს ღონისძიებებს პერმანენტული ხასიათი ექნება. „დევნილთა სამინისტრო სამედიცინო ცენტრ „ჰიპოკრატესთან“ ერთად დევნილთა დახმარების აქციას აწარმოებს. ეს აქცია პირველადი არ არის, ჩვენ უკვე ჩავატარეთ უფასო სამედიცინო გამოკვლევები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის. ამ ეტაპზე, ქვემო ქართლში, 6 თვემდე ჩვილ ბავშვებზე პირველადი მოხმარების ნივთებს ვარიგებთ. აღნიშნული პროექტი და თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება“,- განაცხადა მერაბ გოგსაძემ.
დევნილების განცხადებით, მსგავსი ტიპის დახმარება მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. „რუსთავის სამმართველომ დევნილი ბავშვებისათვის დახმარება გამოყო, რომელიც ამერიკის საბავშვო ცენტრმა სპეციალურად ჩვენი ბავშვებისთვის დაამზადა. დიდ მადლობას ვუხდით დევნილთა სამინისტროს, რეგიონალურ სამმართველოს და იმედი გვაქვს, რომ ასეთი აქციები კიდევ განმეორდება“,- განაცხადა ირმა მახარაშვილმა.
პირველადი მოხმარების ნივთები 6 თვემდე ბავშვებისთვის საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები