ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოდან პროდუქტების შეტანის საკითხის მოწესრიგებას გეგმავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთი ახალგორის რაიონში საქართველოდან პროდუქტების შეტანის საკითხის მოწესრიგებას გეგმავს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ამ მიზნით რაიონს ე.წ. ვიცე-პრემიერი დიმიტრი კოზაევი ეწვია.
ამჟამად დე ფაქტო მთავრობის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით, ერთ პირს თვეში ერთხელ ახალგორის რაიონში „რაზდახანის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით 50 კილოგრამი პროდუქტების შეტანა შეუძლია. თუმცა, იმის გამო, რომ აქ ე.წ. მებაჟეები არ დგანან, რუსი მესაზღვრეები შეტანილი პროდუქციის რაოდენობას ვერ აკონტროლებენ. დიმიტრი კოზაევი ეჭვობს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ამ გზით გაცილებით მეტი პროდუქტი შედის.
კოზაევმა ტვირთის შემოწმების და „საბაჟო გადასახადის“ გადახდის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი საშუალებაა“.
გარდა ამისა, ე.წ. ვიცე-პრემიერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა გაარკვიონ, თუ რატომ იყიდება საქართველოდან შეტანილი პროდუქცია ახალგორის რაიონში 3-ჯერ ძვირად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები