ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი ნარკომანიას ომს უცხადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ასლან კობახია აცხადებს, რომ ნარკომანია – ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა და მასთან საბრძოლველად აუცილებელია ე.წ. პროკურატურასთან და უშიშროების სამსახურთან ერთობლივი მუშაობა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. კობახიამ აღნიშნა, რომ ე.წ. პარლამენტის წევრობის პერიოდში ის ხშირად დადიოდა ციხეებში.
„ძალზე გასაკვირია – ციხეში იმყოფებიან ისინი, ვინც აფხაზეთში ნარკოტიკები შემოიტანა, მაგრამ არ არის გასამართლებული არცერთი პირი, რომელიც მას ჩვენს ახალგაზრდებში ავრცელებს“, – განაცხადა კობახიამ. მისი თქმით, ნარკომანიას სხვა დანაშაული მოჰყვება – ადამიანების გატაცება, ძარცვა, ქურდობა და ა.შ.