ქეთევან ციხელაშვილი: უნდა გვეყოს კონფლიქტი, სისხლისღვრა და აღარასდროს დავუშვათ ომი
უნდა გვეყოს კონფლიქტი, სისხლისღვრა და აღარასდროს დავუშვათ ომი, – აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალზე მისვლისას გააკეთა.
მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მტკიცე პოლიტიკა აქვს და ერთადერთი მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.
„ჩვენი ხედვა წარსულიდან გამომდინარე უნდა იყოს ერთი და მტკიცე. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ეს არის მშვიდობიანი, პრაგმატული, კონსტრუქციული. ჩვენთვის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა. დღეს მინდა საოკუპაციო ხაზის იქითა მხარესაც გავაგზავნო ეს გზავნილი, რომ ჩვენ უნდა გვეყოს კონფლიქტი, სისხლისღვრა. აღარასდროს დავუშვათ ომი. პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც სამშობლოს შესწირა თავი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 24 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, კონფლიქტის შედეგად, დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი, დევნილად იქცა.