ქეთევან ციხელაშვილი: მსგავსი ქმედებებით რუსეთი პროვოკაციებს განაგრძობს

სოფელ რუხიდან რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნული ქმედება რუსეთის მხრიდან პროვოკაციად შეაფასა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მხარე უკანონოდ დაკავებული ადგილობრივების დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„გუშინდელი დღიდან, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, ჩართული გხლავთ ცხელი ხაზი, რომელიც მოქმედებს ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ფარგლებში. ცხელი ხაზი დღესაც ამოქმედებულია. ცოტა ხანში გვექნება მეტად უფრო ზუსტი ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით. ცხადია, საქართველოს მხარის მოთხოვნა არის ერთი – დაუყონებლივ უნდა იქნენ გთავისუფლებულები უკანონოდ დაკავებული ადგილობრივები“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან, ე.წ.  საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი – ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა გაიტაცეს. ისინი თევზაობის დროს დააკავეს.როგორც ოჯახისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ნათესავებისგან გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე გატაცებულები გალის იზოლატორში იმყოფებიან. არც ერთი მათგანი ოჯახს პირადად არ დაკავშირებია. ერთ-ერთი გატაცებული მძიმე სენით არის დაავადებული და მუდმივ მკურნალობას საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები