რა გადაწყვეტილება მიიღო ათენის სასამართლომ ქართველ ემიგრანტ ქალზე

საბერძნეთში ქართველ ემიგრანტს, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აღენიშნებოდა, ათენის პოლიციის განყოფილებიდან უცხოელთა რეგისტრაციის ცენტრში მოათავსებენ, – ეს გადაწყვეტილება საბერძნეთის სასამართლომ 10 აგვისტოს გამოიტანა.
როგორც „კვირას“ საბერძნეთში საქართველოს კონსულმა გალაქტიონ პაიჭაძემ განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს მოქალაქეს ათენის უცხოელთა რეგისტრაციის ცენტრში უახლოეს დღეების განმავლობაში გადაიყვანენ.
„მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ოფიციალურად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეს ათენის უცხოელთა რეგისტრაციის ცენტრში გადაიყვანენ. ამის შემდეგ, დაიწყება პროცედურები, რათა იგი საქართველოში გამოამგზავრონ, საკონსულო აქტიურად არის ჩართული ამ პროცედურებში, შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ, 45 წლის ს.ს- ვა სამშობლოში დააბრუნებენ“, – აღნიშნა გალაქტიონ პაიჭაძემ.
მას შემდეგ რაც, ქართველი ემიგრანტი სამშობლოში დაბრუნდება, ოჯახის ინფორმაციით, მკურნალობას საქართველოში გააგრძელებს.
აღსანიშნავია, კიდევ ერთი გარემოება, რომ ათენში 45 წლის ს.ს-ვას, სამედიცინო შემოწმების შედეგად, ფსიქიკური აშლილობა არ დაუდგინდა.
კონსულის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ათენის პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე იმყოფება, თავს ნორმალურად გრძნობს და აგრესიას აღარ გამოხატავს.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში, სოციალური ქსელის საბერძნეთის ემიგრაციულ გვერდებზე ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდა ქართველი ქალბატონის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ქართველი თვითმხილველი ამბობს, 45 წლის ს.ს-ვას შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ბერძენმა დამქირავებლებმა და ბერძენმა მეზობლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ქართველი ქალბატონი რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღის საათებში, ათენის მოედნებსა და მაღაზიებში დაიარებოდა, ღამღამობით კი ეკლესიის ეზოში ეძინა. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ ეკლესიის ეზოში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი დახვდათ.
საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს და პოლიციის ატაშეს დახმარებით, ქართველი ემიგრანტი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში მოათავსეს.
ცნობისათვის, ქართველი ემიგრანტი ს.ს-ვა წარმოშობით იმერეთიდან, ვანის რაიონიდან არის. იგი საქართველოდან საბერძნეთში თავდაპირველად 8 წლის წინ წავიდა და იქ მუშაობდა. შარშან, 2015 წელს დეპორტით, საქართველოში დაბრუნდა. ს.ს-ვას ოჯახის წევრების ინფორმაციით, უკან დაბრუნებულს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა, რის გამოც, ხონის რაიონის ფსიქიატრიულ კლინიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. მათივე ინფორმაციით, კლინიკის შემდეგ, მან მკურნალობა ქუთაისის ფსიქიატრიულ განყოფილებაში გააგრძელა, სადაც ის პერიოდულად მიდიოდა და მედიკამენტებს ღებულობდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდა ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მათივე თქმით, 2016 წლის გაზაფხულზე, უკვე მეორედ, საქართველოდან საბერძნეთში გაემგზავრა. იქ, კი მედიკამენტების გარეშე დარჩენილ ს.ს. – ვას დაავადებამ თავი შეახსენა.
იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები