დაუბეგრავი მინიმუმის ლაფსუსები
საზოგადოებაში დაუბეგრავი მინიმუმის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე აფასებს. “ეკონომიკის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელს მთავრობის ინიციატივა არასწორად მიაჩნია. „კვირა“ რომან გოცირიძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.
– საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებამ და პირველი აპრილიდან თანხების უკან დაბრუნების პროცესმა მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა. უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ითხოვენ, რომ დაუბეგრავი მინიმუმი ყველაზე გავრცელდეს.
– მეც არასწორად მიმაჩნია. თუ დაუბეგრავი მინიმუმით ახლა ბრუნდება 200 მილიონი, ყველა მოქალაქეზე გავრცელების შემთხვევაში, ვთქვათ, უკან დასაბრუნებელი გახდება 500 მილიონი. როგორ მოხდება ამ დანაკლისის ჩანაცვლება? მარტივად. მაშინ საშემოსავლო გადასახადი იქნება არა 20 პროცენტი, არამედ, ვთქვათ, 25- 28 პროცენტი. საგადასახადო ტვირთი დანარჩენებზე გადანაწილდება. ესაა და ეს. დღემდე იყო სამართლიანი სისტემა. სოციალური დახმარება კი ბიუჯეტით უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ 500 ლარი მაქვს ხელფასი, მაგრამ ბინას ვაქირავებ 5000 ლარად თვეში, მჭირდება შეღავათი?.
– ასეთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. ვთქვათ, არ ვმუშაობდი უცხოეთში, ჩამოვედი საქართველოში და დიდ თანამდებობაზე დეკემბრის თვეში დავინიშნე, ანაზღაურება 6000 ლარია. ანუ წლის განმავლობაში ჩემი შემოსავალი იყო 500 ლარი თვეში. შესაძლებელია, რომ დაუბეგრავი მინიმუმი მაინც შემეხოს?
– გეთანხმებით, რა თქმა უნდა. დაუბრუნებენ. მე ჯერ არ შემხვედრია რაიმე განმარტება ფინანსთა სამინისტროდან, რომ ასე არ მოხდება. იგივე ლოგიკით, არ მუშაობს ადამიანი წინა თვეებში, ელოდება მაღალანაზღაურებად სამსახურს და დაიწყო მუშაობა ოქტომბერში, თვეში 1500 ლარად, ანუ წელიწადში 6000. დაიბრუნებს ფულს, რა თქმა უნდა. უფრო სასაცილო მაგალითი: მაქვს 500 ლარი ხელფასი და დეკემბერში უნდა გამიხდეს 800. გამიხარდება? არა, რადგან ფულს ვერ დავიბრუნებ, გადაცდება 6000 ლარს. უნდა მივიდე უფროსთან და შევეხვეწო, რომ ამ წელს ხელფასი არ მომიმატოს. მოკლედ იმდენი ვარიაციებია შემოსავლების დამალვის, დამქირავებლის მხრიდან 500 ლარზე მეტი ხელფასის არდანიშვნის და ასე შემდეგ, რომ როგორც იტყვიან, ღირდა კი ჩიტი ბრდღვნად?
-კიდევ ერთი საკითხი. ხომ არ უწყობს ეს ცვლილება დაბალკვალიფიციური კადრებით სამუშაო ადგილების შევსებას, ვინაიდან მაღალკვალიფიციური ადამიანები ასეთ დაბალ ხელფასზე არ თანხმდებიან მუშაობას?
-კი, სწორია. რაღაც ფორმით მოხდება მათი ჩანაცვლება.
– სახელმწიფო ეხმარება იმ პირებს, ვისაც 500- ლარიანი ანაზღაურება ჰქონდათ, მაგრამ რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვისაც 501, 550, ან 600 ლარი აქვთ ხელფასი. იქნებ ბიუჯეტის შესაძლებლობებზეა ეს ციფრი მიბმული?
– ეს უბრალოდ ნაჩქარევად დადგენილი თანხაა, რომელსაც რაიმე ლოგიკური დასაბუთება არა აქვს. უფრო მეტიც, თუ გადასახადს იხდი პატიოსნად, მაგრამ ხელფასს იღებ ხელზე, ბუღალტერიაში, ფული მაინც არ გიბრუნდება. წელს ბევრი გახსნის ანგარიშს და მომავალ წელს დასაბრუნებელი თანხა კიდევ უფრო მეტი იქნება.
– გავრცელებული ინფორმაციით, წელს 180-200 მილიონია გათვალისწინებული.
– დიახ. ამ თანხით შეიძლებოდა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა ერთი რომელიმე დიდი პრობლემა, მაგალითად ხარისხიანი სამედიცინო დაზღვევის, ან განათლების ან, ბოლოს და ბოლოს, პენსიების გაზრდა დაახლოებით 20 პროცენტით. ხალხს რომ ჰკითხოთ, თუ რა ურჩევნია, უკეთეს გზას შემოგვთავაზებდა. მაგალითად, ბათუმის ორი წლის ბიუჯეტი, ან უმაღლესი განათლების სამი წლის ბიუჯეტი. მაგალითად, ორი არარაციონალური საბიუჯეტო ხარჯით-ბანკებისათვის 220 მილიონის მიცემით ბიზნესსესხებისათვის და ამ დასაბრუნებელი ფულით (ანუ დაახლოებით 400 მილიონი ლარით, ყოველწლიურად) საშვილიშვილოდ გადაიჭრებოდა რომელიმე ერთი ან რამდენიმე დიდი პრობლემა. 3-4 წლის ასეთი ჯამური ხარჯებით ლამის ხუდონჰესის ტოლფას ინვესტიციას განახორციელებდა ქვეყანა.
– გამოსავალს სად ხედავთ?
– უნდა გაუქმდეს ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა შეეხოს დაწყებულ პროცესს. გამოთავისუფლებული ფული იმ სფეროში უნდა წარიმართოს, რომელიც არ გამოიწვევს უკმაყოფილებას საზოგადოებაში პრივილეგიის ჩამორთმევის გამო. ისე, უკმაყოფილოები უკვე გამოჩნდნენ: დასაქმებულები, ვისაც არ შეეხო, უმუშევრები, რომელთა წლიური შემოსავალი 6000 კი არა, 6 ლარიც არ არის და ოჯახის წევრების კმაყოფაზე არიან. ისინი, ვინც იხდიან საშემოსავლოს, მაგრამ არ ჩართეს საშეღავათო კატეგორიაში (მაგალითად, ვინც ბინას აქირავებს ან სხვა სახის უძრავ ქონებას), იმათ რა დააშავეს? ეს მათი „სამსახური“, შეიძლება შემოსავლის ერთადერთი წყაროცაა. ადრე თუ გვიან პოპულიზმი უკუშედეგს გამოიღებს. ყველა კმაყოფილი ვერ დარჩება.
– რატომ არ დაუპირისპირდნენ პარტიები, ექსპერტები ამ ინიციატივას, როცა პარლამენტში კოდექსში ცვლილება შევიდა?
– ეს ინიციატივა პოლიტიკური ძალებისათვის წამგებიანია, ხოლო ექსპერტების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელისუფლებასთან თბილი ურთიერთობა ურჩევნია შესაბამისი შედეგებითურთ. ზოგს კომეტენცია არ ყოფნის. თუმცა, იყო რამდენიმე ადამიანი, რომელმაც თავიდანვე გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება. მსგავს საკითხებს პროფესიონალები ფეისბუქის გვერდებზეც განიხილავენ, მაგრამ რატომღაც ისინი პრესის ფურცლებზე ვერ ხვდებიან.
იზა შაქარაშვილი