ცხრა აპრილის მონაწილე შიმშილობას იწყებს

 ცხრა აპრილის მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი ბესო მიქავა ხვალიდან თბილისის პარლამენტის შენობის წინ შიმშილობას იწყებს. ბესო მიქავამ ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე პორტალ “კვირასთან“ ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი პროტესტის ამ ფორმით 9 აპრილის მონაწილეების და გარდაცვლილების სათანადოდ დაფასებას ითხოვს. კონკრეტულად კი მიქავა ცხრა აპრილის მოვლენების დროს დაღუპლთათვის გმირის წოდების მინიჭებას, ეკლესიის მხრიდან კი მათი წმინდანებად შერაცხვას ითხოვს. ამასთან, ცხრა აპრილის მონაწილე აცხადებს, რომ აუცილებელია იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ მხრებზე გადაიტანეს სამამულო ომი, სოციალური პირობები გაუუმჯობესდეთ.
„ცხრა აპრილის შემდეგ ყველა ხელისუფლებისგან სამამულო ომის მონაწილეების დაფასებას და მათთვის სათანადო ყურადღებას ვითხოვ, მაგრამ ამაოდ. ვითხოვ, რომ საბჭოთა იმპერიასა და საქართველოს შორის ცხრა აპრილს მომხდარ ბრძოლას ომის კვალიფიკაცია მიეცეს, 9 აპრილს დაღუპულებს გმირების სტატუსი მიენიჭოთ, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კი ისინი ქრისტესა და სამშობლოსთვის წმინდანებად შერაცხოს და ასე შემდეგ“,-განაუცხადა “კვირას“ ბესო მიქავამ.

ბესო მიქავას თქმით, ცხრა აპრილის მონაწილეებისათვის განკუთვნილ პენსიას პრინციპულად არ იღებს, რადგან ამისთვის არ უბრძოლია. “არავისი ფული არ მჭირდება, მე ჩემი პირადი კეთილდღეობისთვის არ ვიბრძვი, მინდა, რომ სამართლიანობა დამკვიდრდეს 9 აპრილის მონაწილეების მიმართ და ისინი სათანადოდ დაფასდნენ. შიმშილობას იქამდე გავაგრძელებ, ვიდრე ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება“,-აღნიშნა მიქავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები