“გვეამაყება ის, რომ საქართველოში ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, თავისუფალია”

“ქართული ოცნება” არის ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს ადამიანებს აწუხებთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დუშეთში განაცხადა, სადაც მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას ყაზბეგში, დუშეთსა და თიანეთში მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.

“თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თვითკმაყოფილები ვართ და მხოლოდ განხორციელებულზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებთ რეგიონებში, რაიონებსა და სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ გვჯერა და ვფიქრობთ, რომ სწორედ “ქართული ოცნება” არის ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს ადამიანებს აწუხებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ ერთად დგომით, ჩვენი ერთსულოვნებით”, – მიმართა კალაძემ მოსახლეობას.

მისივე თქმით, საქართველოში ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, განსახვავებული აზრისა, არის თავისუფალი.

“ჩვენი მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. დღეს ჩვენ ნამდვილად გვეამაყება ის, რომ საქართველოში ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, განსხვავებული აზრისა, არის თავისუფალი. მე მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში ჩვენი პოლიცია დეპოლიტიზირებულია. ისინი ემსახურებიან ხალხს და არა რომელიმე პარტიას, ან ხელისუფლებას. ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას თავიანთი სიცოცხლის ფასადაც. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ საქართველოში დღეს სიტყვის თავისუფლებაა და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი ხედვა, გეგმა ქვეყნის განვითარების, გააცნოს საქართველოს მოქალაქეებს და მოქალაქეებმა მშვიდობიანი, ცივილიზებული გზით, არჩევნების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იყოს კვლავ ქვეყნის ხელისუფლებაში. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი გუნდი არის “ქართული ოცნება”. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება 8 ოქტომბერს არ იქნება მხოლოდ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების გამარჯვება, არამედ ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია “ქართული ოცნების” გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობასთან”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები