გიორგი კვირიკაშვილი: დღეს ჩვენ გაცილებით უფრო ამბიციური, სწრაფი განვითარება გვჭირდება

”დღეს ჩვენ გაცილებით უფრო ამბიციური, სწრაფი განვითარება გვჭირდება, ჩვენ ვაპირებთ, რომ ძირეული ცვლილებები შევიტანოთ, განსაკუთრებით განათლების სისტემაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები იგეგმება.
”დღეს ჩვენ გაცილებით უფრო ამბიციური, სწრაფი განვითარება გვჭირდება, სწორედ ამისთვის ჩვენ გვაქვს ის რეფორმათა გეგმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იქნა წარდგენილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვაპირებთ, რომ ძირეული ცვლილებები შევიტანოთ, განსაკუთრებით განათლების სისტემაში, ოღონდ, არ უნდა მოხდეს ისე, რომ სახელმწიფო დაუპირისპირდეს მასწავლებელთა კორპუსს, როგორც ეს ხშირად ხდებოდა. მასწავლებელი, რომელიც მართლაც და გმირულ საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში უნდა იყოს გაცილებით უფრო მეტად დაფასებული და რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს მუდმივი გადამზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, იგეგმება ძირეული ცვლილებები უმაღლეს განათლებაშიც, რათა სტუდენტებმა ისწავლონ იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც დღეს მოთხოვნადია საქართველოში.
”უმაღლეს განათლებაში ჩვენ ვაპირებთ ძირეულ რეფორმებს, რომ ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ძალიან ბევრ რესურს ხარჯავენ იმაში, რომ 4 წელი ისწავლონ, არ ისწავლონ იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც დღეს არ არის მოთხოვნადი საქართველოში, არამედ ისწავლონ იმ პროფესიებზე, რომლებიც უფრო მოთხოვნადია და პირდაპირ დასაქმდნენ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, უმაღლესი განათლების პარალელურად, უნდა განვითარდეს და ამაღლდეს პროფესიული განათლების პრესტიჟი. ”მკაფიოდ გაწერილი გეგმა გვაქვს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ბევრი ნაბიჯი გადავდგით კიდეც”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები