კახა კალაძე – აღარასდროს დავუშვებთ, რომ ვინმეზე ძალადობდნენ, ქონებას ართმევდნენ, სიტყვის თქმას უზღუდავდნენ

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ პირველად გადადგა რეალური ნაბიჯები მთის განვითარებისათვის, – ამის შესახებ კახა კალაძემ გუშინ, მცხეთაში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ მცხეთის ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
“დღეს განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან ყველანი შევიკრიბეთ აქ უძველეს მცხეთაში! უძველეს,  მრავალჭირნახულ დედაქალაქში, ჩვენი ერის ყველაზე დიდი სიწმინდეების საცავში! მარადიული მცხეთა არის ნიშანსვეტი ჩვენი გენის, ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი მდგრადობის და სწრაფვის უკეთესობისკენ!
გარდამტეხი და მნიშვნელოვანი პერიოდი გვიდგას ახლა! ჩვენი ხელით იქმნება საქართველოს მომავალი და ეს მომავალი უნდა იყოს ისეთი, როგორსაც ჩვენი წინაპრები შენატროდნენ, რომლისთვისაც ხალხი თავს სწირავდა, სისხლს ღვრიდა და შენატროდა!
ჩემთვის პირადად მცხეთა არის წინაპრების სიბრძნის, სულიერების და ჩვენი ქვეყნის  მარადიულობის სიმბოლო!
ამ ამ უძველეს მიწაზე შეკრებით ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი წინა და მომავალი თაობების წინაშე ვიმუშაოთ მუხლჩაუხრელად, ვაშენოთ და გავალამაზოთ ჩვენი სამშობლო! ჩვენი საქართველო! საამისოდ საძირკველი უკვე ჩაყრილია!”,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
კახა კალაძის თქმით, მთავრობამ რამდენიმე წლის წინ, ქვეყნის სწორი გზით განვითარება დაიწყო.
“ახლა კედლების აშენების წლები მოდის. პროცესი საინტერესოა, საპასუხისმგებლო დავალდებულებებით დატვირთული! ჩვენ, თითოეული დიდი თუ პატარა საქმე უნდა შევასრულოთ პასუხისმგებლობით, გულიანად და საფუძვლიანად. ჩვენი დღევანდელი, ხვალინდელი შრომა არის საწინდარი ძლიერი განვითარებული და უზრუნველყოფილი ქვეყნის შექმნის! მცხეთის უძველეს მიწას, კედლებს და ტაძრებს, ახსოვთ ბევრი ბრძოლა,
ბევრი მარცხი და აღზევება ჩვენი ხალხის, არსად ისე არ ტრიალებს თავისუფლების სული  როგორც აქ ამ უძველეს მიწაზე.
თავისუფლება ეს არის ის მონაპოვარი, ის საგანძური, რაც საუკუნეების მანძილზე იყო ძვირფასი ჩვენი ხალხისთვის. ბოლოს ამის საფრთხე გაურვეველი ფორმის და შინაარსის რეჟიმს პირობებში შეიქმნა და თანამედროვე ქართველმა, თანამედროვე მოქალაქემ მშვიდობიანად, ცივილურად მოიპოვა გამარჯვება ძალადობაზე, ბოროტებაზე და ჩაგვრაზე.
და დღეს, ამ წმინდა მიწაზე მე მოგმართავთ თქვენ, თავისუფალ, ლაღ, ქედმოუდრეკელ და ღირსეულ მთიელებს. თქვენ არ გჭირდებათ ამ სიტყვების მნიშვნელობის ახსნა, რადგან ეს არაა მხოლოდ სიტყვები, ეს ცხოვრები წესია, ეს ის სისხლი და გენია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.
ეს ბრძოლა, ეს ომი არ დასრულებულა, ჩვენ ყველას ერთად ისევ გვიხმობენ ჩვენი მიწა, ჩვენი სალოცავები, ჩვენი ოჯახები და ჩვენი თემი.
ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი – დავრჩეთ თავისუფლები და ღირსეულები, თუ მივცეთ უფლება ვინმეს, კვლავ აღმართოს ხელი ამ ყველაფერზე და განუკითხაობა დათესოს მთელს ქვეყანაში!
ჩვენი არჩევანი ნათელი და ცალსახაა – ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ რომ საქართევლოში რაიმე სახის რეჟიმი დამყარდეს, ვინმეზე ძალადობდნენ, ქონებას ართმევდნენ, სიტყვის თქმას უზღუდავდნენ! ღირსება და მხარდამხარ ბრძოლა თუ შრომა ჩვენი ცხოვრების წესია! ჩვენ გვმართავს კანონი! კანონი არის ყველასთვის უზენაესი. ჩვენ ვემორჩილებით მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც არის გარანტი ჩვენივე თავისუფლების!
ჩვენმა ხელისუფლებამ პირველად გადადგა რეალური ნაბიჯები მთის განვითარებისათვის, მივიღეთ რა კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. ეს არაა მხოლოდ დაპირება, ეს მაღალმთიანი რეგიონების აღორძინების გეგმის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია – შესრულებული ნაწილი!
ჩვენ ამ გეგმას ბოლომდე მივიყვანთ! ჩვენ ავაღორძინებთ მთასაც და ბარსაც. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მძიმე მემკვიდრეობას, ერთად დგომით, მხარდამხარ ბრძოლითა და შრომით, ჩვენი ღირებულებების, მამა-პაპათა ადათებისა და ტრადიციების პატივისცემით, თავისუფლები და თავაწეულები ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს.
ჩვენგან ხელის გაწვდენაზე, აქვე ახლოს, ორი არაგვი ერთვის ერთმანეთს და ერთმანეთთან შესისხლხორცებული მძლავრად მიაგორებს ტალღებს წინ. სწორედ ესაა რაც ჩვენ დღეს გვჭირდება.
ჩვენ ერთად ვიყავით 4 წლის წინ, ჩვენ ერთად ვართ დღეს და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.
გავიმარჯვებთ საქართველოსათვის, გავიმარჯვებთ ღირსებისათვის, გავიმარჯვებთ თავისუფლებისათვის!”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები