დავით უსუფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილ ვითარებას შეიძლება ეწოდოს კრიზისული ვითარება
საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილ ვითარებას თამამად შეიძლება ეწოდოს კრიზისული ვითარება – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში გადაცემა “პოლიტიკაში“ განაცხადა.
„საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილ ვითარებას უკვე თამამად შეიძლება ეწოდოს კრიზისული ვითარება, ასე მუშაობის გაგრძელება არათუ შეუძლებელია, არამედ სერიოზული საფრთხის შემცველია, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არის საბოლოო. პარლამენტი ვართ იქ ყოველთვის მოსარჩელე, განვმარტავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იხილება კანონების კონსტიტუციურობის საქმე ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონი შესაძლოა გაუქმდეს მთლიანად და ეს შეეხოს ათასობით და ათიათასობით ადამიანს და იქ, სადაც უნდა იყოს ყველაზე უფრო მშვიდი, პროფესიული ეთიკით დატვირთული გარემო, ჩვენ მივიღეთ ყოვლად მიუღებელი მდგომარეობა, მე ველი გამოსავალს იმაში, რომ სექტემბერში სამი ახალი მოსამართლეა დასანიშნი -2 პრეზიდენტის და 1 პარლამენტის მიერ, პირადად მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ პარლამენტმა ეს შეძლოს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.