თემურ ჭკუასელი: თუკი დღემდე არასდროს გამართლდა NDI-ს კვლევა, ახლა რატომ უნდა ვენდოთ

„ქართული ოცნების“ 32%-იანი მხარდაჭერა იმ პირობებში, როცა წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად ჯერ არ დაწყებულა, ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ NDI-ს კვლევის შედეგებისადმი უნდობლობა დიდი ხანია არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზები აქვს. ამის შესახებ ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე NDI-ის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მაჩვენებელი 32%-ი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ – 26% -ია.
„როცა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანია არ დაწყებულია, 32%-იანი მხარდაჭერა ცოტა არ არის. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როცა ჩოხატაურში ჩავედი, მაგ გამოკითხვებით ზუსტად 32% მქონდა, მაგრამ არჩევნებში 56% მივიღე. შიდაპარტიულ კვლევებს ჩვენი პარტიაც ატარებს, მაგრამ ყველაფერი იმ სამუშაოსა და ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული, რომელსაც ადგილზე ვატარებთ“,-განაცხადა თემურ ჭკუასელმა.
მისივე შეფასებით, იმ ამომრჩევლის რაოდენობა, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს ვის აძლევს ხმას არჩევნებზე, თითქმის ყველა კვლევის შედეგად ერთნაირია და ასეთი მაღალი მაჩვენებელილ ჯერ კიდევ 2002 წლის წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებულილ თითქმის უცვლელია.
“წლების წინ, NDI-ის უფროსთან მქონდა საუბარი და ვკითხე, არჩევნების შემდეგ რატომ მოხდა ასეთი ცვლილება, იქნებ ამიხსნათ-მეთქი. მაშინაც და ახლაც, როცა ამ კითხვას სვამენ, შედეგს იმიტომ დებენ, რომ როცა მათი შედეგი არ გამართლდება, თავის გამართლების საბუთი ჰქონდეთ. თუკი დღემდე არასდროს გამართლდა მათი კვლევა, ახლა რატომ უნდა ვენდოთ?“-განაცხადა თემურ ჭკუასელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები