თამაზ მეჭიაური: NDI-ის კვლევა გაყალბებულია
პარლამენტის წევრი, პარტიის ”ერთიანი საქართველოსთვის” წარმომადგენელი თამაზ მეჭიაური NDI-ის კვლევებს არ ენდობა და აცხადებს, რომ კვლევა გაყალბებულია.
„NDI-ის კვლევაში ჩვენი პარტიის ადგილი რომ არ ჩანს, უკვე ცხადია, რომ კვლევა გაყალბებულია. ეს კვლევა არის ”ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთა, რომელიც ასევე აწყობს ”ქართულ ოცნებას”, – ასე გამოეხმაურა მეჭიაური დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებს.
”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, ხოლო 13% – ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 5% არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 4% – მოძრაობას ”სახელმწიფო ხალხისათვის”,
3% – პატრიოტთა ალიანსს, ხოლო სხვა პარტიებს – 7%. სხვა პარტიებში კი შედიან: ”თავისუფალი დემოკრატები”, ლეიბორისტული პარტია”, ”დემოკრატიული მოძრაობა”, ”გირჩი”, რესპუბლიკური პარტია”, ”თავისუფალი საქართველო”, ”ქართული პარტია”, ”ეროვნული ფორუმი”, ”კონსერვატიული პარტია”, ”ქართული დასი”, ”მრეწველები”, ”მემარცხენე ალიანსი” და ”ახალი მემარჯვენეები”.