გიორგი პაპუაშვილი: პრემიერმა აღგვითქვა, რომ თავად უზრუნველყოფს ამ საქმეების ობიექტურ გამოძიებას
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დასრულდა. გიორგი პაპუაშვილი გიორგი კვირიკაშვილს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ესაუბრებოდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრემიერთან საკმაოდ ღია საუბარი ჰქონდა.
პაპუაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ გაესაუბრება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ურჩევს, რომ მათზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით თავად გააკეთონ განცხადებები.
„„იქიდან გამომდინარე, რომ იყო ნიშნები საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელების, მე ჩავთვალე, რომ პრემიერთან შეხვედრა მნიშვნელოვანია. პრემიერი არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. ძალოვანი სტრუქტურები შედიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მათ შორის პროკურატურა შედის იუსტიციის სამინიტროს სისტემაში. იუსტიციის მინისტრის დამოკიდებულება იცით და ამიტომ მასთან შეხვედრას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ შევხვდი პრემიერს, რომელიც ზოგად კონტროლსა და მიმართულებას აძლევს ძალოვან სტრუქტურებს. პრემიერ-მინისტრის მოსაზრებაა, რომ ის ენდობა საგამოძიებო ორგანოებს. მან აღგვითქვა, რომ თავად უზრუნველყოფს ამ საქმეების ობიექტურ გამოძიებას და ამიტომ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საგამოძიებო ორგანოებთან.
რა თქმა უნდა, მე კითხვის ნიშნები დამრჩა, პრემიერი კი დარჩა თავის აზრზე, რომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა პროკურატურას, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასოდეს არ გამოუძიებია პროკურატურას, შსს-ს და არც სხვა ძალოვა სტრუქტურებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ფაქტები. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია.
ამ შეხვედრის შემდეგ ვეცდები დავარწმუნო მოსამართლეები, ვისაც ეს ინფორმაცია აქვს და ვისაც ეს აწუხებს, რომ ითანამშრომლონ მაქსიმალურად და მეც ვეცდები ვიყო გარანტი იმისა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით ეს საქმეები ბოლომდე მივიდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა და იქვე დასძინა, რომ უახლოეს დღეებში მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძესაც შეხვდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე თვალთვალი და შანტაჟი მიმდინარეობს. მისი თქმით, ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.