მკვლელი ნონას და მარიამის დაკრძალვის მერეც მოდიოდა ჩემთან – რას ყვება ფონიჭალაში მოკლულის მეუღლე?

22 თებერვალს, ზემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის დროს გარდაცვლილის მეუღლე, ოთარ მამფორია აცხადებს, რომ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი მასთან ურთიერთობას მომხდარის შემდეგაც განაგრძნობდა.
როგორც ოთარ მამფორიამ “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, საზარელი შემთხვევის შემდეგ, მას ხაბელაშვილის ქცევაში საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, რადგან ისიც ისევე გამოთქვამდა სინანულს მომხდარის გამო, როგორც დანარჩენი ახლობლები.
„მკვლელი ხშირად სტუმრობდა ჩემს ოჯახს, დაბადების დღეზე, ახალ წელს, სხვა დღესასწაულებზე, საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვქონდა, ადრე ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, შემდეგ შეიცვალა საცხოვრებელი, თუმცა მისვლა-მოსვლა არ შეგვიწყვეტია. კონფლიქტი და უთანხმოება არასოდეს მოგვსვლია… როგორც ჩანს, ჩვენთან ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას საუბარს მოჰკრა ყური, რომ გარკვეული ოდენობის თანხა გვქონდა ოჯახში და ეს მზაკვრული გეგმა დასახა… დაკრძალვაზეც იყო ჩამოსული და ისე განიცდიდა მომხდარს, როგორც სხვები და საეჭვო არაფერი შემიმჩნევია, მერეც მოდიოდა ჩემთან, როგორც ადრე, რას წარმოვიდგენდი, რომ მისი ჩადენილი იყო ეს ყველაფერი“, – აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას მამფორიამ.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულის დედა თურქეთში, ხოლო და საფრანგეთში ცხოვრობს. გიორგი ხაბელაშვილი ორხევში, ერთ-ერთ საამქროში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, შსს-მ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში, ზემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა გახსნა. შსს-მ მკვლელობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გიორგი ხ. დააკავა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ.-მ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, დილით, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად, მოკლა 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით – მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორია, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და, მათ შორის, მცირეწლოვნის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს)“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები