ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის განცხადება არის, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური და არაკორექტული

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს დღეს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო შტაბს 2013 წელს, მაშინ, როდესაც სწორედ ამ გუნდის დახმარებით, სოფელ-სოფელ და ქალაქ-ქალაქ სიარულით, პრეზიდენტი გახდა გიორგი მარგველაშვილი.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ არასწორი, არაკორექტული, არაეთიკურია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი, კითხვების დასმა, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში.
მისივე თქმით, ძალიან კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს დაესვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის პროვოკაციის დროს.
„რა თქმა უნდა, კორცხელის ინციდენტზე ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამომავლოდ, ოქტომბრის არჩევნებში განსაკუთრებით, მსგავსი შემთხვევა არ გამეორდეს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ამ შტაბს 2013 წელს, მათ შორის კახა კალაძეც იყო ის ადამიანი, რომელიც პრეზიდენტს დაჰყვებოდა ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ძალიან კარგად იცის გიორგი მარგველაშვილმა, რა ღირებულებების მატარებელია კახა კალაძე, რა მიზნები ამოძრავებს მას, როგორც პოლიტიკაში, ისე – ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, კიდევ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება არის, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური და არაკორექტული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები