სოზარ სუბარი: როგორ ჩანს, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ვიღაცის ნათესავები, ოჯახის წევრები უნდა იდგნენ კანონზე მაღლა
როგორ ჩანს, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ვიღაცის ნათესავები, ოჯახის წევრები უნდა იდგნენ კანონზე მაღლა – ასე ეხმაურება დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
როგორც სუბარმა ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში განაცხადა, კანონის უზენაესობის წინაშე ყველა თანასწორია და ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი.
„თუ სამართლებრივი კუთხით ვისაუბრებთ, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათლად არის ნათქვამი, თუ რაზე იყო საუბარი. სავარაუდოდ, ეს სწორედ ის თემაა, რაზეც დღეს პრეზიდენტი საუბრობდა. ამ განცხადებაში ჩემთვის და ალბათ, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც სკანდალური არის პრეზიდენტის დამოკიდებულება. რატომღაც, როგორ ჩანს, მას მიაჩნია, რომ ვიღაცის ნათესავები, ოჯახის წევრები უნდა იდგნენ კანონზე მაღლა – ეს არის კანონის უზენაესობის დემოკრატიული და ევროპული გაგება, კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, უნდა დამთავრდეს ის დრო, როდესაც ჯერ შევარდნაძის ოჯახის წევრები იყვნენ ხელშეუხებელნი, შემდეგ სააკაშვილის ოჯახის წევრები იყვნენ კანონზე მაღლა მდგომნი, ყველაფერი ეპატიებოდათ და დღეს შეიძლება ვიღაცა იყოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან კარგია, რომ არაფერი არ დადასტურდა, რატომ მოხდა ჩხრეკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარება შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში სსკ-ს 236-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. მათივე ინფორმაციით, მინდია გოგოჭურის სახლში კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა.