26-29 ივლისს, თბილისში „ამბასადორიალი – 2016“ გაიმართება

26-29 ივლისს, თბილისში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – „ამბასადორიალი – 2016“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამბასადორიალის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები გაწეული საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახავენ. ღონისძიებას გახსნიან: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები. ამბასადორიალი სესიების ფორმატში განიხილავს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. ამბასადორიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუჯატა მეჰტასი. „ამბასადორიალი – 2016“ თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობაში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები