პრემიერმა შს მინისტრს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ვითარების „სასწრაფოდ გარკვევა“ დაავალა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის განხორციელებას ჰქონდა ადგილი, პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრს ვითარების გარკვევის დავალება მისცა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალსტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხში ის პოლიტიკურ კომპონენტს გამორიცხავს.
”მე მქონდა პრეზიდენტთან საუბარი ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ. მაშინვე დავავალე შს მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ეს საკითხი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შანტაჟი და პოლიტიკური ზეწოლა. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, მაგრამ გამოვრიცხავ პოლიტიკურ კომპონენტს. მე ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე, მეც, პრეზიდენტმაც და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცველებს. კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრის შესახებ გიორგი მარგველაშვილის წინადადებას, კვირიკაშვილი ამბობს, რომ მზად არის პრეზიდენტს შეხვდეს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პრეზიდენტთან კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა აქვს.
„რა თქმა უნდა, შევხვდები პრეზიდენტს. მე მასთან ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა მაქვს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები