გიორგი მარგველაშვილი მზად არის, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდეს

იმისთვის, რომ ჩვენ არჩევნების პროცესში გვქონდეს სამართლებრივი მშვიდი დემოკრატიული პროცესი, გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩნდება პოლიტიკურ ცხოვრებაში, ადეკვატური და აზრიანი პასუხი უნდა გაეცეს.
„კარგა ხანია ვსაუბრობ იმის თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული. კორცხელის შემთხვევა მისცემს გარკვეულ ტენდენციებს და ბიძგებს და ეს სინდრომი განსაკუთრებით არჩევნების პროცესში იქნება ძალიან რთული ყველასთვის. ჩვენ ნათელი პასუხი უნდა გავცეთ იმას, როდესაც ხდება პოლიტიკურ ძალებსა და, ასე ვთქვათ, რაღაცა ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში, მაგრამ ჩნდება ტენდენციები უფრო დაბალ დონეზე რაღაცა კავშირების ჩამოყალიბების. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩვენ არჩევნების პროცესში გვქონდეს სამართლებრივი მშვიდი დემოკრატიული პროცესი, იმისთვის, რომ დავიცვათ არჩევნები, იმისთვის, რომ დავიცვათ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები, მე გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩნდება ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩვენ გავცეთ სწრადი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა პრესკონფერენციამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან გამართა შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები