თამაზ მეჭიაურმა რუსი კოლეგები საქართველოში მოიწვია

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა მოსკოვში, რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრისას, კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე ვითარების გაცნობის მიზნით, კოლეგები საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მის მოსკოვში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მეჭიაურის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის დუმის დეპუტატები ოკუპირებული ტერიტორიის ორივე მხარეს არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობიან, არსებობს მეტი შანსი, რომ პარლამენტარების შეფასებებმა პოლიტიკურ პროცესებზე მეტი გავლენა მოახდინოს.
როგორც თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე მან ოკუპაციის პირობებში რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დააყენა.
„საჭიროდ მიმაჩნია, რომ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი არა რუსეთის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის სასიკეთოდ. რუსეთში უამრავი ქართველი ცხოვრობს და ეს მათ პრობლემებს შედარებით შეამსუბუქებს. თუ ჰგონიათ, რომ ტერიტორიული პრობლემების არსებობის პირობებში დიპლომატიური ურთიერთობა არ შეიძლება, ძალიან ცდებიან. რუსეთს და იაპონიას წლების განმავლობაში აქვთ ტერიტორიული პრობლემა, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა არც არასდროს გაუუქმებიათ,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
პარლამენტარი თამაზ მეჭიაური გასულ კვირას მოსკოვში იმყოფებოდა. იგი რუსეთის დუმის კოლეგებმა მიიწვიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები