ბექა წივწივაძეს პირადი ჩხრეკისას 0, 438 გრამი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრის, ბექა წივწივაძის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 19 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ცვლილებით საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ბ. წ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და შეუფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით.

გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდისას ბრალდებული თავისუფლდება პატიმრობიდან. მას ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ჩინეთის რესპუბლიკაში ყოფნისას, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0, 438 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისი, რაც შანხაი-მოსკოვი-თბილისის რეისით თბილისის საერთაშორისოს აეროპორტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 0, 438 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი 2 ცალად დაფასოებული 4 ცალი სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო-მოყავისფრო ფერის მყარი ნივთიერება.

ღია სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება, ასაკი, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, ასევე იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, რომლის თანახმადაც აღკვეთის ღონისძიების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს „სათანადო“ და „საკმარის“ არგუმენტაციას და ეხებოდეს მოცემული საქმის სპეციფიკას, რომელიც გაამართლებს თავისუფლების შეზღუდვას.

აღნიშნული სტანდარტის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 1 სექტემბერს, 15:00 საათზე“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები